ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში ყოფნით სიამოვნებას ვერ იღებს და დღეებს ითვლის, როდის წავა პოლიტიკიდან.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
„არასდროს მქონია პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა და ახლაც დღეებს ვითვლი, როდის წავალ პოლიტიკიდან. გულწრფელად გეტყვით, პოლიტიკაში ყოფნით დიდ სიამოვნებას არ ვიღებ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთანავე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა გამწარებულია და „ერთი სული აქვს როდის მოიშორებს სააკაშვილს“.
„ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი სააკაშვილს და მისი ხელისუფლების ქმედებებს მიუძღვის. საზოგადოებაში არის ის განწყობა, რომ მთავარია სააკაშვილი მოიშორონ. თუმცა არც მე ვარ ცუდი კაცი და არც გუნდი გვყავს ცუდი და შეიძლება ხალხმა ჩვენშიც ნახოს ხეირი. ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანას სარგებელს მოვუტანთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
