ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებები ისევ მიმდინარეობს
ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებები ისევ მიმდინარეობს
10:32 31.08.2012
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან დივერსანტთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია,  თუმცა ქართველი ძალოვნების ნაწილი ხეობაში რჩება.

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ხეობაში რამდენიმე დაჭრილი დივერსანტი კიდევ იმალებოდეს, ამიტომ მათი ძებნის ოპერაცია გრძელდება.

თავად სოფელ ლაფანყურის მოსახლეობაში სიმშვიდეა, წუხანდელმა ღამემ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. სამართალდამცავების თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიაზე დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია შსს-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, დივერსანტებმა მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანეს. ქართველმა ძალოვნებმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლა.

ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, რომელთა გვამები უკვე ნაპოვნია. შესაბამისი ვიდეო-მასალა შსს-მ გუშინ გაავრცელა. უწყება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ხეობას თავს 6 დაჭრილი დივერსანტი კიდევ აფარებდეს.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი.

ბეჭდვა