საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი მიიჩნევს,
რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე გავრცელებული საგანგებო განცხადება ლოგიკურია.
როგორც „ნიუსპრესს“ კახიშვილმა განუცხადა, მსგავსი განცხადების გაკეთება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ერთი ოპონენტის წინააღმდეგ იყენებდა.
მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრია, არამედ ამ საკითხზე ყურადღება ეუთო-ს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმაც გაამახვილეს.
„ბოლო პერიოდში ყველა ვხედავდით, რომ ხელისუფლება ღიად, მიზანმიმართულად, მთელი სისტემის დატვირთვით, ყველა დაწესებულების მონაწილეობით, ცდილობდა ერთი ძალის განდევნას პოლიტიკური სივრციდან. მეორე მხრივ, ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასასვლელად ემზადება. ამიტომ ივანიშვილის აღნიშნული განცხადება ამ სიტუაციის დაბალანსების მცდელობა იყო“ - განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ საგანგებო მიმართვაში გაწერილი ექვსი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის, ამასთან, ეს ღონისძიებები შესაძლოა, დაგვიანებულიც იყოს.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების შესრულებას, კახიშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ამისკენ ვირტუალური ნაბიჯები გადადგას.
„ჩვენი ხელისუფლების მოქმედებას ორი მიმართულება აქვს - ერთია უცხოელებზე გათვლილი, პიარზე აგებული მოქმედება, მეორე კი - ცოტა ხისტი, შიდა მოხმარების“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სავარაუდოდ, სწორედ საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად და ილუზიის შესაქმნლად, ხელისუფლება ივანიშვილის მოთხოვნებზე „ლამაზ პასუხს“ მოამზადებს.
კახიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისე „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იციან, რომ წინ ურთულესი და გადამწყვეტი არჩევნებია.
ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო წერილით დღეს საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ხელი დღესვე მოაწეროს იმ პირობით, თუ ხელისუფლება მის 6 მოთხოვნას დააკმაყოფილებს. კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში, საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
„ორივე მხარე ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც საბოლოოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს საქართველოში“-აღნიშნა კახიშვილმა.
