ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია "ქართულ ოცნებაში" ვინმესთან შიდა დაპირისპირების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ასეთი დეტალები არ მაინტერესებს, არავისთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს, თუ რამე პრობლემაა შიგნით ვსაუბრობ", - განაცხადა ეკა ბესელიამ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაზე ინფორმაცია ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება. აღნიშნული მოსაზრება იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან იურიდიულ საკითხებზე მომუშავე იურისტების ჯგუფის ბოლო პრესკონფერენციაზე არ ყოფილა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პრესკონფერენცია, ამავე ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ იყო ორგანიზებული.
ბესელიას განცხადებით, მან არ იცის ვის მიერ მოხდა პრესკონფერენციის ორგანიზება, თუმცა, ამის შესახებ მისთვის არავის შეუტყობინებია.
"ვერ გეტყვით რატომ არ შემატყობინეს, შეიძლება არ ვიყავი საჭირო", - განაცხადა ეკა ბესელიამ "ნიუსპრესთან".
"ნიუსპრესი" ზაქარია ქუცნაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ "შიდასამზარეულოს საკითხების გარეთ გამოტანას არ აპირებს".
"არ ვიცი საიდან გაჩნდა აზრი ჩემსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირების არსებობის შესახებ. მე მდომარეობისთვის არ ვიბრძვი, მე გარემოსთვის ვიბრძვი და ჩემი მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი უხერხულად მიმაჩნია, მდგომარეობისთვის რომ ვიბრძვოდე ამდენი პრობლემა არ მექნებოდა", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის გვერდით, პოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული სხვადასხვა პირები გააქტიურდნენ, რომელთა შორის ზაქარია ქუცნაშვილიცაა.
