კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო წერილით მიმართავს, რომელშიც ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებაც საუბრობს.
წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნის გადასარჩენად გადაწყვიტა.
„სააკაშვილის რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ზიანი მიაყენა ჩემს სამშობლოს: გაუგონარი ძალადობა განახორციელა ბიზნესზე და თითქმის სრულიად დაიქვემდებარა იგი, ნორმად აქცია დემონსტრაციების დარბევა, ადამიანების უფლებების შელახვა, უკიდურესად გამარტივდა ადამიანის საპატიმრო ადგილებში გამომწყვდევა და საპროცესო გარიგებით გამოშვება, ხალხი გაღატაკებული, დაშინებული და შეურაცხყოფილია, შეზღუდულია თავისუფალი სიტყვა, პროპაგანდის იარაღადაა ქცეული ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია, სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ ხალხს უნდობლობა გაუჩინეს პოლიტიკისა და არჩევნების მიმართ“ - აღნიშნავს ივანიშვილი წერილში.
კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მან დაქსაქსული ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაერთიანება მოახერხა, კოალიციის პოლიტიკურ დღის წესრიგად კი შემდეგი პრიორიტეტები გამოაცხადა - კონსტიტუციის პატივისცემა, ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი სასამართლოს დამკვიდრება, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პერსპექტივის გაჩენა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.
მისივე თქმით, კოალიციის სამოქმედო გეგმისა და პროგრამის რეალურობა ხალხმა ირწმუნა, თუმცა, ხალხთან ერთად სააკაშვილიც მიხვდა, რომ ივანიშვილის გამოჩენით მისი გეგმები თავდაყირა დადგა.
„ამიტომ სააკაშვილმა ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან სრულიად აშკარად დაიწყო, ერთი მხრივ, ჩემი, როგორც პოლიტიკური ოპონენტისა და მოქალაქის, უპრეცედენტო დევნა და, მეორე მხრივ, საზოგადოებაში სიძულვილისა და დაპირისპირების დამკვიდრება“-აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, პოლიტიკური განაცხადის გაკეთებიდან მე-4 დღეს სააკაშვილმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა და პოლიტიკური პროცესიდან მის განდევნას შეეცადა, ორი კვირის თავზე შეტევა მის კერძო საკუთრებაზე დაიწყო.
„გაიტაცა კომერციული ბანკის საინკასაციო მანქანა, იძალადა კონსტიტუციაზე, დააპატიმრა და უმუშევრად დატოვა ჩვენი მომხრეები, სპეციალურად „ქართული ოცნების” და პირადად ჩემთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი და შექმნა პოლიტიკური რეპრესიების ახალი ორგანო - პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საცხოვრებელი სახლები გაუყიდა ჩვენს შემომწირველებს, დააჯარიმა და შეურაცხმყოფელი დაკითხვები მოუწყო ასობით ჩვენს წევრსა და აქტივისტს. მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში დასატოვებლად დააყადაღა ასობით ათასი სატელიტური თეფში, მათი გამავრცელებელი კომპანიები მილიონობით ლარით დააჯარიმა“ - აცხადებს ივანიშვილი საგანგებო წერილში.
კოალიციის ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ „მასთ ქერიც" შემოიღო მხოლოდ არჩევნების დღემდე, რათა არჩევნების შედეგების შეჯამებისას მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს. ის „ქართუ ბანკისთვის“ 190 მილიონი ლარის წართმევასა და გაკოტრებამდე მიყვანაზეც საუბრობს, რაც მისი თქმით, ხელისუფლებამ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მანიპულაციებით მოახერხა.
„აუქციონზე გაყიდა კოალიციის კონტრაქტორი კომპანიები, პირადად მე 130 მილიონ ლარზე მეტით დამაჯარიმა; კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები მილიონობით ლარით დააჯარიმა, ანგარიშებზე ინკასო დაუწესა და ფაქტობრივად მოუსპო პოლიტიკური აქტიურობის საშუალება; საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას” შემოსავლებსა და ხარჯებში უკანონოდ ჩაუთვალა ათობით მილიონი ლარი და ამით ნიადაგი მოამზადა არჩევნების შემდეგ ბლოკის დისკვალიფიკაციისა და პარლამენტში არშეშვებისათვის“ - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა არჩევნები განგებ ორშაბათ დღეს დანიშნა, რითაც უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაურთულა მასში მონაწილეობა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი უკვე შეუძლებელია.
„ამ წერილით მინდა მივმართო დემოკრატიულ სამყაროს. საქართველოში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება და თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს არჩვენები - ქვეყანა საბოლოოდ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას, თუ გაგრძელდება ბრძოლა ავტორიტარიზმსა და პოსტკომუნიზმთან“-ნათქვამია ივანიშვილის წერილში.
