ბიძინა ივანიშვილი დებატებში მთელ მთავრობას იწვევს
ბიძინა ივანიშვილი დებატებში მთელ მთავრობას იწვევს
16:56 30.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული დებატების ფორმატს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ თვალთმაქცობას უწოდებს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატი, რომელიც ოთხი პარტიის წარმომადგენელთა დებატებს ითვალისწინებს, მოგონილი და ცრუ ფორმატია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ფსევდო ოპოზიციას დებატებში არ დაუპირისპირდება.

„გიორგი ჭანტურიას ზემოდან უგეგმავენ ამ თვალთმაქცობას. „პირველი არხის“ დებატები ეს არის მოგონილი, ცრუ და ჩვენ ამ სიცრუეში მონაწილეობას არ მივიღებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ლეიბორისტები“ ხელისუფლების სატელიტი და ფსევდოოპოზიციური პარტიები არიან.

ამასთან, მისი თქმით, ის მზადაა დებატებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდ რაოდენობას დაუპირისპირდეს.

„დღეს რამდენიც უნდა ბლანდონ და ატრიალონ ოპოზიციური პარტიები, რეალურად მხოლოდ ორი ლიდერი ძალა არსებობს. მე გამოვიწვიე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ვიცი, რომ მას ამის ძალა არა აქვს. საპენსიო თანამდებობაზე მყოფი მერაბიშვილი კი, ჩემს საპირწონედ არ გამოდგება. რომ არ იფიქროთ, რომ დებატებს თავს ვარიდებ, ვიწვევ მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“, არანაკლებ შვიდისა, დებატებში მთელ მთავრობას ვიწვევ“ -განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა