საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 5 ჯარისკაციდან 4 გორის სამხედრო ჰოსპიტალშია.
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაჭრილი სპეცრაზმელის ზურაბ ზურაბიშვილის მონახულებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გორში მყოფი ჯარისკაცებისგან ერთს კონტუზია აქვს მიღებული, ხოლო სამს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა მხრისა და ბარძაყის მიდამოში.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მხნედ არიან.
როგორც დღეს გაირკვა, ორი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქებული სპეცრაზმელის ზურაბ ზურაბიშვილის ლოპოტას ხეობიდან გამოყვანისას დაიჭრა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, გამოყვანის ოპერაციას შეეწირა სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
დღესვე, შსს-მ ხეობაში სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ სავარუდოდ ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის დაჭრილი წევრები იმალებიან და მათი ძებნა გრძელდება.
