სააკაშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა
სააკაშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა
14:34 30.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში სპეცრაზმელი ზურაბ ზურაბიშვილი მოინახულა,  რომელიც ლოპოტაში დივერსანტების წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელებისას დაიჭრა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ზურაბიშვილი ღამის 02.00 საათზე ნაღმზე აფეთქდა და მისი გამოყვნა ხეობიდან რთულად მისადგომი ლანდშაფტის გამო გართულდა.

პრეზიდენტის თქმით, ზურაბიშვილი ხეობის მეორე მხარეს იყო გადასროლილი და როდესაც ის დაიჭრა, მებრძოლებმა რამდენიმე საათი ხელით ატარეს, რადგან ვერტმფრენის შესვლა ხეობაში ვერ ხერხდებოდა.

„გამოყვანის ოპერცია მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მიმდინარეობდა. ამ ოპერაციისას დაიჭრა 2 მებრძოლი, ხოლო სამხედრო ექიმი ლადო ხვედელიძე გარდაიცვალა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ბოლო დღეები გმირობის და თავგანწირვის ნამდვილი მაგალითია.

„ექიმი შეეწირა პაციენტის გადარჩენას, ჩვენი მესაზღვრეები და პოლიციის თანამშრომლები, ძალიან დიდი რისკის ფასად, მძევლად აყვანილი ადგილობრივი მკვიდრების გადასარჩენად მათ ჩაენაცვლნენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ჩაწყობილი და დადგმულია, რადგან მათ თავად არ „გააჩნიათ ღირსება და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი სამშობლოსთვის შეიძლება წირავდეს თავს“.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უმეტესობა ასეთი გმირები არიან და ქვეყანა მათზე დგას.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ზურაბიშვილს მხედრული მამაცობისთვის 2 მედალი აქვს მიღებული და ის 2008 წელს ცხინვალში რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც იბრძოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სოფელ ლაფანყურში გეგმავს ჩასვლას.


ბეჭდვა