საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ თელავში 2 სექტემბერს, ერეკლე მეორის მოედანზე აქციის გამართვის თანხმობა მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, ერეკლე მეორის მოედანზე სამუშაოები მიმდინარეობს და მიმდებარე ტერიტორია გადათხრილია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აქციის ჩატარების ადგილი შეიცვალოს.
„შესაძლოა, აქციისთვის სხვა ადგილი მოვძებნოთ, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით ერეკლე მეორის მოედანი გამოუსადეგარია. ჯერ ზუსტად არ ვიცით. თუ იქნება შესაძლებელი, აქციას სხვა ადგილას ჩავატარებთ“ - აცხადებენ პრესსამსახურის თანამშრომლები.
რაც შეეხება 9 სექტემბერს ზუგდიდში აქციის გამართვისთვის ადგილის გამოყოფის შესახებ განაცხადს, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის მერაბ ქვარაიას თქმით, ზუგდიდის გამგეობის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
ქვარაიას განცხადებით, იგი დღეს გამგეობის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელთაც აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები აინტერესებდათ.
„დაინტერესდნენ გზის რა ნაწილი გადაიკეტება აქციის მსვლელობის დროს, დაახლოებით რა დროის განმავლობაში იქნება გადაკეტილი გზა და ა.შ“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მისივე თქმით, აქციის გასამართად კოალიცია ზუგდიდის ცენტრალური მოედნის გამოყოფას ითხოვს, რომელიც ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სამხარეო ადმინისტრაციისა და რაიონის საკრებულოს შენობის წინ მდებარეობს.
ქვარაიას განმარტებით, დღის განმავლობაში აქციის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, შეკრებისთვის სცენა დამონტაჟდეს და შემდეგ უშუალოდ აქცია გაიმართოს.
„წინასწარი სამუშოების პერიოდში მოედნის მთლიანად ჩაკეტვა არ მოხდება. მოედანი მთლიანად უშუალოდ შეკრების დროს ჩაიკეტება, რომელიც დაახლოებით, 18:00-19:00 საათზე მოხდება“ - განაცხადა ქვარაიამ.
ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დეტალების გათვალისწინებით, ზუგდიდის გამგეობა კოალიციას დადებით პასუხს გასცემს.
