აშშ-ს ვიზის მისაღებად დღეიდან ახალი პროცედურები ინერგება
აშშ-ს ვიზის მისაღებად დღეიდან ახალი პროცედურები ინერგება
09:11 30.08.2012
აშშ-ს საელჩო დღეიდან შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს ნერგავს. ამის შესახებ აშშ- საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ახალი სისტემა მთელ მსოფლიოში დაინერგება. საელჩოს ინფორმაციით, ახალი პროცედურა გამარტივებული და ხელმისაწვდომია და მომსახურების ღირებულების ერთ მოსაკრებელში გაერთიანებას ითვალისწინებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით, ვიზის მიღების მსურველ მოქალაქეს სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს. კერძოდ, მომსახურებაში შედის - ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, ქოლ-ცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე, ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისთვის პასპორტის მიწოდება და ა.შ.

საელჩო ვიზის მიღების მსურველ მოქალაქეებს შესაბამის ინსტრუქციებსაც სთავაზობს. ვიზის მოსაკრებლის არასწორად გადახდის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება და განმცხადებელს ვიზის მოსაკრებლის გადახდა ხელახლა მოუწევს.

„დაგეგმილი ცვლილებები არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთაც გასაუბრება უკვე დანიშნული აქვთ. ისინი საელჩოში დანიშნულ დღეს უნდა გამოცხადდნენ და მათი განაცხადი ჩვეულებისამებრ განიხილება. მოქალაქეს, რომელიც გასაუბრების ელექტრონულად დანიშვნას ვერ ახერხებს, გასაუბრების დანიშვნა ქოლ-ცენტრის საშუალებით შეუძლია“ - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, სავიზო განაცხადის შეტანის სხვა საფეხურები უცვლელი რჩება.

ბეჭდვა