ბოკერია - ლაფანყურში მიმდინარე მოვლენებს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს
ბოკერია - ლაფანყურში მიმდინარე მოვლენებს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს
22:54 29.08.2012
საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარედ, ლაფანყურის ტყეში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ უკვე მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებისა და ასევე რუსეთის ინფორმირება.

ბოკერიას განცხადებით, არ არსებობს საფრთხე და საბაბი იმისა, რომ ეს შემთხვევა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე მოქმედების ჩატარებისთვის იქნას გამოყენებული.

„პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენ წლების წინ გქონდა. როცა რუსეთის მიერ ამ ტიპის სიტუაციები იმ ფონზე, როცა ქართული სახელმწიფო იყო სუსტი, გამოყნებეული იქნა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯებისთვის. დღეს ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ იყო სწრაფი, ეფექტური მოქმედება და იმიტომ, რომ დღეს საქართველოს არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა“ - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე ოპერაციას არანაირი კავშირი არა აქვს არჩევნებთან.

„რაც ხდება სერიოზული ინციდენტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ცხოვრობს ნორმალურ რიტმში. ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან და საქართველოში ჩვეულებრივ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები“ - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გიგა ბოკერიამ ასევე მძევლებთან დაკავშირებული ინფორმაცია განმარტა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გატაცებული ხუთი მოქალაქის ნაცვლად, მძევლად ქართველი მესაზღვრეები დარჩნენ, ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღესტნიდან გადმოსულ ჯგუფთან მშვიდობიანად ჩაბარების შესახებ საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებით ოფიცრები გაგზავნა, თუმცა, ოფიცრებმა უარი მიიღეს და ამ მომენტისთვის უკვე ოფიცრები იყვნენ მძევლები. შემდეგ სწორედ აღნიშნული მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარდა ოპერაცია, რასაც შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება მოჰყვა.

ლაფანყურის ტყეში სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი და 6 ალყაშია მოქცეული. ამასთან, შეტაკებების შედეგად ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ორი წევრი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპნენ.


ბეჭდვა