რუსეთის სასაზღვრო უწყება დაღესტნის საზღვრის გადაკვეთის ფაქტს არ ადასტურებს
რუსეთის სასაზღვრო უწყება დაღესტნის საზღვრის გადაკვეთის ფაქტს არ ადასტურებს
22:22 29.08.2012
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოევიკების ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან გადავიდა, იუწყება „რია ნოვოსტი“.   

„სასაზღვრო უწყებაში არ არის დაფიქსირებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევები“ - განუცხადა სააგენტოს უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსის მოადგილემ ვადიმ შიბაევმა.

მისი თქმით, ქართული მხარის ინფორმაცია შეიარაღებული დაჯგუფების დაღესტნიდან საქართველოში გადასვლის შესახებ პროვოკაციაა და რეალურ საფუძველს მოკლებულია.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ინციდენტების შესახებ, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

ქართული მხარის ცნობით, თითქმის 24 საათია ლოპოტას ხეობაში დივერსიული დაჯგუფების დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატებით მიღებული ინფორმაციის თანახმად ჯგუფის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.

კერძოდ, შსს ცნობით, ლიკვიდირებულია 11 პირი, ხოლო 6 რამდენიმე საათია ალყაშია მოქცეული. 
ბეჭდვა