ლაფანყურის ტყეში გადმოსული შეიარაღებული რაზმის აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულია - ამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეიარაღებულ რაზმთან შეტაკებებს სამი ქართველი მებრძოლი შეეწირა. უპილოტო თვითმფრინავების მიერ წარმოებული დაზვერვის და სხვა მიღებული მონაცემების შედეგად, შეიარაღებული რაზმის წევრთა უმრავლესობა ლიკვიდირებულია.
პრეზიდენტის თქმით, შემოვიდა კარგად შეირაღებული და როგორც გაირკვა, ძალიან კარგად გაწვრთნილი ჯგუფი.
„ამ ჯგუფმა განახორციელა საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეების მძევლად აყვანა. მივიღეთ ზომები, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები შეირაღებული ჯგუფის წარმომადგენლებთან, შევთავაზეთ დანებება, რაზეც რამდენჯერმე უარი მივიღეთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ოპერაციას სროლა მოჰყვა, რაც ერთ-ერთი შეიარაღებული წევრის განადგურებით დასრულდა. შეტაკებებს კი, სამი ქართველი მებრძოლი შეეწირა, ამასთან, განადგურებულია გადმოსული შეარაღებული რაზმის უმრავლესობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, ამ დრომდე გრძელდება.
ლაფანყურის ტყეში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული. დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
