„ქართული ოცნება“ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შსს-ს თანამშრომლების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
„ქართული ოცნება“ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შსს-ს თანამშრომლების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
19:52 29.08.2012
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, დაღუპული სოლომონ წიკლაურის, არჩილ ჩოხელის და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმის, კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახებსა და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

„ქართული ოცნება“ იმედს გამოთქვამს, რომ სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ჯარისკაცთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სახელმწიფოს სამსახურს მალე დაუბრუნდებიან.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრთან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრის დევნა გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი ძალები შეჰყავთ.

ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.

სპეცრაზმის დაჭრილი 5 წევრი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულაბაში გადიან მკურნალობას.

დივერსანტთა ჯგუფის დევნის სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში წუხელ დაიწყო.

ბეჭდვა