საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ საზოგადოება გაიგებს, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ლოპოტას ხეობაში სპეცრაზმის თანამშრომლები.
ირაკლი ალასანია სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში მწუხარებას გამოთქვამს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმის თანამშრომლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„ვიმედოვნებ, გარდაცვლილთა ოჯახებს და ქართულ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია ექნებათ, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები“- ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.
ირაკლი ალასანია სოლომონ წიკლაურის, არჩილ ჩოხელისა და ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრთან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის წევრების დევნა გრძელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი სამხედრო ძალები შეჰყავთ.
ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. დაჭრილია სპეცრაზმის 5 წარმომადგენელი. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
დივერსანტთა ჯგუფის დევნის სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში წუხელ დაიწყო.
