კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კოალიციის ცენტრალური ოფისის შენობის ნაწილში უკანონოდ შეჭრილმა გაურკვეველმა პირებმა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდნენ, ოფისის ტერიტორია მოულოდნელად დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა Facebook-ის ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გავრცელდა.
ვიდეომასალაში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გაურკვეველი პირები ოფისის ფართის ნაწილზე, რომელიც საცხოვრებლად და საოფისედ გამოუსადეგარია, მას შემდეგ დაბინავდნენ, რაც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და საოფისედ აღნიშნული შენობა შეირჩა.
კოალიციის ინფორმაციით, ეს პირები თავს შპს „ლაით ჯგუფის“ წარმომადგენლებად ასაღებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ შენობაში 150 კვადრატული მეტრის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნდათ, თუმცა, ამ დოკუმენტების წარმოდგენაზე უარს აცხადებდნენ.
როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, მას შემდეგ რაც უცნობებმა შენობა დატოვეს აღმოჩნდა, რომ მათ ბიოტუალეტი ჰქონდათ დადგმული და „ამ პირობებში ვერანაირი ფირმა ან ადამიანი ვერ გაძლებდა“.
„ეს არის მშვენიერი ადგილი იმისთვის, რომ კოალიციის ოფისის ნაწილს მაინც უსმინო და კომუნიკაციები აკონტროლო“ - აცხადებს სუბარი.
მისი თქმით, უცნობები მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ყოფნისას განაცხადა, რომ არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოა.
კოალიციის მტკიცებით, სწორედ ეუთოს ჩარევის შედეგად მოგვარდა ასევე ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და სამშენებლო ღობის მოხსნის პრობლემა.
