პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
17:23 29.08.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები და პოლიცია, რომელიც ნებისმიერ პირობებში დაიცავს საკუთარ ქვეყანას.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან 10 წლის წინანდელისგან განსხვავებით, დღეს საქართველო სახელმწიფოა.

„დღეს საქართველო სახელმწიფოა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას დაიცავს. ამიტომ, რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა ან გამოწვევა, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ქართული სახელმწიფო ყოველთვის იცავდა და დაიცავს მათ უსაფრთხოებას“ - განაცხადა ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, ამ დრომდე გრძელდება.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება ინფორმაცია მძევალთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა.

მათ გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია წუხელ ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.


ბეჭდვა