„თავისუფალი საქართველო“ აუდიტის სამსახურს მმართველი პარტიის შემომწირველებით დაინტერსებას სთხოვს
„თავისუფალი საქართველო“ აუდიტის სამსახურს მმართველი პარტიის შემომწირველებით დაინტერსებას სთხოვს
17:20 29.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს შემომწირველებითაც დაინტერესდეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „თავისუფალი საქართველოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „ნაციონალმა“ ფერმერებმა მმართველი პარტიის ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხები შეიტანეს.

„ფერმერებმა ბაჩუკი გონაშვილმა, ელიზბარ იმერლიშვილმა, ბესიკ თოფჩიშვილმა, ჯემალ კვანჭილაშვილმა, ტარიელ ნატროშვილმა, შპს-ს ხელმძღვანელებმა - შალვა ალუღიშვილმა, გელა ბიღიაშვილმა, ზურაბ ყაზარაშვილმა, ნუგზარ გონაშვილმა და გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის მამამ ნოდარ შანშიაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანობაში ნახევარ მილიონზე მეტი შესწირეს“-აცხადებს „თავისუფალი საქართველო“.

პარტია ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებულ ფერმერებს, მოუსავლიანობისა და მაღალი გადასახადების გამო, საბანკო ვალები აქვთ. მათ ბანკში ქონება აქვთ ჩადებული.

„გამგებლის მამა, ნოდარ შანშიაშვილი, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ რაიონიდან გაქცეული იყო იმიტომ, რომ დიდი ვალები ჰქონდა. გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ხალხმა გაურკვეველი წარმოშობის ფული შესწირა „ნაციონალურ“ ხელისუფლებას“-აცხადებენ პარტიაში.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და აუდიტის სამსახურ ობიექტური მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„თუ აუდიტის სამსახური ოპოზიციური პარტიის შემომწირველებს აჯარიმებს ხუთმაგი თანხით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებზეც გაავრცელოს იგივე კანონით დადგენილი წესები“-აცხადებს „თავისუფალი საქართველო“.

პარტია აუდიტის სამსახურს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „თავისუფალი საქართველოს“ წევრების დაჯარიმების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება.

ბეჭდვა