საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებს
საქართველოსთვის საფრთხის შემცველს უწოდებს.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნებისმიერი მონაკვეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ამიტომ, რადგან ასეთი ვითარებაა ორმაგად მობილიზებულები უნდა იყვნენ, როგორც ჩვენი სამხედრო ფორმირებები და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია“ - განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება საქართველოში დივერსანტთა ჯგუფების შემოსვლას, წიკლაურის განცხადებით, ამაზე საუბარი სპეცოპერაციის დასრულებამდე შეუძლებელია.
„ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით და საერთოდ ამ თემის პოლიტიზება არამართებულად მიმაჩნია. ფაქტი ერთია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში და განსაკუთრებით, დაღესტანში უმძიმესი კრიმინოგენური სიტუაციაა“ - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ორიოდე დღის წინ დაღესტანში სულიერი ლიდერი მოკლეს, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს დაესხნენ თავს. აქედან გამომდინარე, წიკლაურის თქმით, ვითარება კონტროლიდანაა გამოსული.
„ამდენად, ძალიან ძნელია საუბარი იმაზე თუ რა წარმომავლობისაა ეს კონკრეტული დივერსანტული ჯგუფი. შესაძლოა, ისინი დაღესტნის წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლები არიან, შესაძლოა, რუსეთის ოფიციალური ფორმირების წარმომადგენლები. ამიტომ, ყველაფერი სპეცოპერაციის დასასრულს გაირკვევა“ - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
