რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონში ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების რეალური საფუძველი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
„არ ვიცით, ეს რეალური მდგომარეობაა თუ გაზვიადებულია. მალე გაირკვევა რაიმე კონკრეტული მიზნისთვისაა მოფიქრებული თუ არა“ - განაცხადა ბერძენიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა გამორიცხული არ არის, თუმცა, ამ დროისთვის არსებული მწირი ინფორმაცია ამის, ან საპირისპიროს მტკიცების საშუალებას არ იძლევა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
