ჯონდი ბაღათურია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პროტესტის მძლავრ ტალღას პროგნოზირებს
ჯონდი ბაღათურია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პროტესტის მძლავრ ტალღას პროგნოზირებს
13:48 29.08.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლებამ საკუთარი დამარცხება არ აღიარა, ის კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, საზოგადოებაში დღეს არსებული პროტესტის მძლავრ ტალღას ჩაუდგება სათავეში.

ამის შესახებ ბათაღურიამ დღეს საბურთალოს საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ის „ქართული დასის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატადაა წარდგენილი.

ბაღათურია აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბრძოლა ორ ცნობიერებას, ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ბანაკს შორის მიმდინარეობს.

„ერთი არის ეროვნული ბანაკი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების 90% უჭერს მხარს. მეორე ბანაკი ეკუთვნის ლიბერტარიანელებს, რომელთათვისაც უცხოა ყველაფერი ქართული. ისინი, ეკლესიასაც ებრძვიან“ - განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა და დასძინა, რომ ღმერთის მადლობელია, რადგან „ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით ისეთი ძლიერი პარტია აღმოჩნდა როგორიცაა “განახლებული საქართველოსთვის“.

თავის მხრივ, ბაღათურიას მხარდაჭერა „ქართული დასის“ პოლიტიკურმა პარტნიორმა პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა. პარტიის თავმჯდომარის ნანა გულუას თქმით, ის იმედოვნებს, რომ საბურთალოელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და პარლამენტში მზრუნველი და ქართული პოლიტიკური კურსის მქონე დეპუტატი ეყოლებათ.

ბეჭდვა