„საქართველოს გზა“ ეჭვობს, რომ შესაძლოა სოფელ ლაფანყურის მოვლენები გამიზნული პროვოკაციაა
„საქართველოს გზა“ ეჭვობს, რომ შესაძლოა სოფელ ლაფანყურის მოვლენები გამიზნული პროვოკაციაა
13:11 29.08.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს მდგომარეობის ესკალაციად აფასებს.

როგორც მამუკა ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 5 ახალგაზრდა, რომლებიც ტყეში დაიკარგნენ, სინამდვილეში არა დაკარგული, არამედ, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ტყვედ იყვნენ აყვანილნი.

მისი თქმით, შეიარაღებული დაჯგუფება სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან შემოვიდა და მათი რაოდენობა 17-მდე მერყეობს.

„აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რეგიონში მდგომარეობა ყოველ წუთს იძაბება. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. შეყვანილია რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, მძიმე ტექნიკა, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს შენაერთები. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ტყიდან სროლის ხმა ისმოდა“ - განაცხადა ბალიაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობამ არ იცის როგორ მოიქცეს და პანიკაშია.

ბალიაშვილის თქმით, გარდაცვლილია ლაფანყურის ერთი მაცხოვრებელი, რასაც შსს უარყოფს.

„ადგილობრივებს აქვთ ვარაუდი, რომ ამ ადამიანმა თავი კი არ მოიკლა, არამედ ოპერაციის დროს დაიღუპა. რუსეთის საზღვრებთან ეს პროვოკაცია შესაძლოა, სააკაშვილის ინტერესში შედიოდეს. ამავე დროს, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ ვერ ან არ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება დაიცვას საქართველოს საზღვრები შეიარაღებული დაჯგუფებებისგან?“- განაცხადა ბალიაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ ეს გამიზნული პროვოკაციაა, რომლის მიზანი მდგომარეობის ესკალაციაა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაციას ახორციელებს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.

ბეჭდვა