ირაკლი სესიაშვილი - არა მგონია, ლაფანყურის მოვლენებმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს
ირაკლი სესიაშვილი - არა მგონია, ლაფანყურის მოვლენებმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს
11:27 29.08.2012
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს,  რომ ნაკლებსავარაუდოა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მიმდინარე მოვლენებმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს.

„თუ ხელისუფლებას ამის სურვილი არ ექნება, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ამ ფაქტმა რაიმე მასშტაბურობა შეიძინოს. თუ ტერორისტია გადმოსული, მის დასაკავებლად შესაბამისი ზომების მიღება, რა თქმა უნდა, საჭიროა, თუმცა, მასობრივი დაპირისპირების თავიდან აცილება, თუ ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს, სრულიად შესაძლებელია“-განუცხადა სესიაშვილმა „ნიუსპრესს“.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით თავად ლაფანყურის მოსახლეობა ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობს.

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯგუფის დევნის ოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს ქვედანაყოფებს ხეობა ბლოკირებული აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაფანყურში სასწრაფო დახმარების ბრიგადები შევიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თელავში ძალოვანმა უწყებებმა საგანგებო თათბირი გამართეს. თათბირს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები ესწრებოდნენ.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ლაფანყურის ტყეში 5 ქართველი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ, რომლებიც გუშინვე იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობა მათ გამოჩენამდე აცხადებდა, რომ შესაძლოა, გატაცებას ჰქონოდა ადგილი, რადგან ტერიტორიაზე რამდენიმე უცნობი სამხედრო პირი შენიშნეს. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ტყეში გზა აებნათ და სხვა შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. არსებული ინფორმაციით, ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბეჭდვა