მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრიმინალებს უკან ვეღარავინ დააბრუნებს
მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრიმინალებს უკან ვეღარავინ დააბრუნებს
18:47 28.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის პრეზენტაციაზე აღნიშნული აეროპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლებისთვის პირველი რიგის ამოცანა ქვეყანაში კრიმინალის აღმოფხვრა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო.

„ამ კრიმინალებს უკან ვერავინ მოიყვანს“ - დასძინა მან.

სააკაშვილის თქმით, ამჯერად ხელისუფლების მთავარი ამოცანა ტურიზმის განვითარებაა, რისთვისაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კომუნიკაციების გამართვაა საჭირო. პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხებს ხელისუფლება ეტაპობრივად აგვარებს.

მისივე თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გეგმა კი - გრძელვადიანი და სტრატეგიულია.

„ჩვენი გეგმაა, რომ ამ აეროპორტის გარშემო მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა მეტი სარგებელი ნახოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 27 სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები კიევის მიმართულებით დაიწყება, ერთი გზის ფასი კი 22 ევრო იქნება. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფასად ქუთაისში ტაქსით მგზავრობაა შესაძლებელი.

პრეზიდენტმა ავიაციის მიმართულებით ხელისუფლების გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება ქართული ავიაკომპანიების შექმნა, ასევე უცხოური, იაფფასიანი ავიაკომპანიები. მთავარი მიზანი ხალხის დასაქმება და ხელმისაწვდომობაა, ეს აეროპორტი კი ორივე მიზანს ემსახურება“-განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე გაწეული სამუშაოებისთვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ქუთაისის მერიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტის ასეთ მოკლე ვადებში დასრულებას არავინ ელოდა.



ბეჭდვა