„ნაცმოძრაობამ“ პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
„ნაცმოძრაობამ“ პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
18:44 28.08.2012
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პარტიის შემომწირველებისა და განხორციელებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აგვისტოში ფულადი და არაფულადი შემოწირულობა სულ 270-მა ფიზიკურმა პირმა განახორციელა. მათგან 36 პირმა პარტიას შემოწირულობის კანონით დაწესებული მაქსიმალური ოდენობა - 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

პარტიაში განხორციელებული ყველაზე დაბალი შემოწირულობა შეადგენს 500 ლარს. ამ მოცულობის შემოწირულობა ორჯერ განხორციელდა და ორივე შემთხვევაში ის არაფულადი სახის იყო. კერძოდ, ეს არის ვიდეორგოლები.

ერთ-ერთი შემომწირველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს დამფუძნებელი გიგა ნასარიძეა.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება, ფინანსური გამჭვირვალობა კი, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიტის სამსახურის მითითების საფუძველზე დღეს განაცხადა, რომ 315 ათას ლარს შემომწირველებს უკან დაუბრუნებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავალი არ შეესაბამება რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობას.

შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა მმართველ პარტიას უკანონოდ მიჩნეული თანხების შემოწირულობის განმახორციელებელი პირებისთვის დაბრუნების წინადადებით მიმართა.

ბეჭდვა