აფეთქებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანაზე კანონი გამკაცრდა
აფეთქებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანაზე კანონი გამკაცრდა
15:44 02.03.2012
საჯარო დაწესებულებებში თუ საზოგადოებრივ ადგილებში აფეთქებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანაზე კანონი გამკაცრდა.  ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აფეთქება კვალიფიცირდება მხოლოდ გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქება და ამით შეგნებულად სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნა. ეს ქმედება ოთხიდან შვიდ წლამდე, ითავისუფლების აღკვეთით სჯება
პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით დაზუსტდა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აფეთქება იქნება ასაფეთქებელი ან სხვა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების როგორც აფეთქება, ისე გადატანა, განთავსება, გასროლა ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. სასჯელის ნორმა იგივე რჩება.
იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ქმედებები ჩადენილი იქნება საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, ინფრასტრუქტურის ობიექტზე ან მათ წინააღმდეგ და თუ სიცოცხლის მოსპობას ან სხეულის მძიმე დაზიანებას გამოწვევს, ასევე თუ შენობების დაზიანებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგი მოჰყვება, ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ბეჭდვა