ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამეცნიერო კვლევების დაფინანსების პირობას დებს.
ივანიშვილმა ამბროლაურის აქციაზე ხვამლის მთის არქეოლოგიური გამოკვლევების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, მთის საფუძვლიანი გამოკვლევა საქართველოს უძველესი ისტორიის საოცარ აღმოჩენებს გამოავლენს.
„არა ერთი ქართველი მეცნიერი-არქეოლოგი დაინტერესებულა ამ პრობლემით, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლო. გპირდებით, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებსაც მიხედავს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე ხარისხიან განათლებაზე და ჯანდაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულებები მისი ხელისუფლების პრიორიტეტები იქნება.
