ივანიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა
ივანიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა
19:59 27.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დახმარების დანიშვნას დაჰპირდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ აქციაზე ადგილობრივებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რაჭაში ყველგან გზას გაიყვანენ. რაჭა დედაქალაქს რიკოთის უღელტეხილის გარეშე, საჩხერის გავლით დაუკავშირდება.

„გპირდებით, რომ საქართველოში კანონი იკანონებს. სწორედ კანონი მოსთხოვს პასუხს იმათ, ვინც დღეს უკანონობას სჩადის. უკანონობა და უზნეობაა ის, რაც ამ დღეებში ხელისუფლებამ იკადრა და უკვე ბავშვებთან დაიწყო ანგარიშსწორება“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამბროლაურში, 15-16 წლის ფეხბურთელ ბიჭებს „ქართული ოცნების“ მაისურების გამო, ფინალში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს.

ივანიშვილის განცხადებით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის ნამდვილი სახეა - ყველას უპირისპირდება, ვინც გაბედავს და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

„ყველამ ვიცით, რომ უბრალო და უმწეო ხალხის დაშინებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გარდა, სხვებიც მონაწილეობენ. ისიც ვიცით, რომ უშუალოდ არჩევნების პროცესისა და შედეგების გაყალბებაში ხელისუფლება სოფლის მამასახლისებისა და მასწავლებლების ჩათრევას აპირებს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებს აფრთხილებს, რომ ხელისუფლებას არ დაემონონ და მომავალი არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა არ მიიღონ.

ივანიშვილის განცხადებით, თუ ისინი უარს არ იტყვიან ამ მძიმე დანაშაულში მონაწილეობაზე, კანონის წინაშე აგებენ პასუხს, რადგან საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, კანონის უზენაესობა უნდა დამყარდეს.

ბეჭდვა