საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთის მიმართ ზომების მიღებას თხოვს
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთის მიმართ ზომების მიღებას თხოვს
15:37 02.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან დაკავშირებით ქმედითი ზომების მიღებას თხოვს.
საგარო საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობას ეხმაურება, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლმა ვ. შამანოვმა მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებში პირველი ვერტმფრენების პოლკის შექმნის თაობაზე ისაუბრა.
სარდალმა ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და დისლოკაციის ადგილის შერჩევის დასაბუთებისას მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებში პირველი ვერტმფრენების პოლკის შექმნასა და მისი ნოვოროსიისკში განთავსების თაობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა - "...თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ხშირ გართულებას, საქართველოსთან ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს. გვაქვს პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ იქ დავიწყებთ სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას ვერტმფრენების გამოყენებას".
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისაგან მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.

ბეჭდვა