კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რაჭის ტურისტული პოტენციალი სრულიად გამოუყენებელია.
როგორც მან ამბროლაურში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, უმუშევართა რიცხვი იზრდება, ხოლო სკოლების რაოდენობა განახევრებულია.
„სახელწიფოებრივი ხელისუფლება იმ უდიდეს პოტენციალს გამოიყენებდა, რაც რაჭას აქვს. ეს მისი კურორტებია. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი რეგიონი ნამდვილად წელგამართული იქნებოდა, რაჭის ტურისტული პოტენციალი ნაწილობრივაც არ არის გამოყენებული“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების დაპირება, რომ შაორი და შოვი ტურისტული ცენტრი გახდებოდა, როგორც ყველა სხვა შემთხევვაში, მხოლოდ დაპირებად დარჩა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რაჭაში მიწისძვრამ სახლები დაანგრია, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კი, სახელმწიფოსგან დახმარებას ახლაც ელოდება.
„იგივე პრობლემაა ლეჩხუმში. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ამ გაჭირვებიდან ამოსვლა უნდა დავიწყოთ. ამას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და ბრძოლით შევძლებთ. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა 1 ოქტომბერს უნდა მოვიგოთ. შემოდგომაზე დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ამ ბრძოლაში ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლის გარეშე გამარჯვება ვერ მიიღწევა“- განაცხადა ივანიშვილმა.
