ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მამისონის უღელტეხილს დღეს რუსი მესაზღვრეები საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო აკონტროლებენ.
როგორც მან ამბროლაურში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ქართველი მესაზღვრეები იძულებული იყვნენ 18 კმ-ით ქვეყნის შიგნით გადმოწეულიყვნენ.
„საქართველოს მეტეოსადგურზე ახლა რუსული საგუშაგოა გახსნილი, თუმცა, ამას ხელისუფლება უტიფრად უარყოფს. ასე დათმო სააკაშვილმა საქართველოს კავკასიონის საზღვარი და ასე ფლანგავს ის საქართველოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, რაც მტერმა ვერ გააკეთა, იმას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება თავისი „უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკით“.
ამასთანავე, მან აქციაზე მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში დღეისთვის 47 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც 2002 წელთან შედარებით 2 ათასი ადამიანით ნაკლებია.
„ჩვენი მთა არ შეიძლება დაიცალოს და ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ამ პროცესის შეჩერებაზე დავიწყებთ ზრუნვას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა მთა, ვიდრე მანამდე.
