პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში მოსახლეობას შეხვდნენ და პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, ლიდერები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ.
ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების 50%–ის ადგილზე დატოვებას და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რაიონული საჭიროებების დასაფინანსებლად აღნიშნული თანხების განკარგვის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
„ბორჯომის“ ჩამომსხმელი საწარმო გამართულად ფუნქციონირებს და საკუთარ პროდუქციას მრავალ ქვეყანაში წარმატებით ყიდის, თუმცა, თავად ბორჯომისთვის და ბორჯომელებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. საწარმოს მიერ გადახდილი გადასახადები პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ უკვე ფინანსთა სამინისტრო თავად წყვეტს, რაში და რომელი რაიონის საჭიროებებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რაიონებში არსებული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადების 50%–ის ადგილებზე დატოვება ქვეყანაში რეალური ადგილობრივი თვითმართველობის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ახალი მემარჯვენეების“ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ ღონიაშვილმა კი, ყვარელში სასოფლო–სამეურნეო ნათესებთან ნაგავსაყრელის არსებობა გააპროტესტა.
„აქ ხალხს ვენახები აქვთ, სიმინდის ყანები, სხვადასხვა ნარგავები. აქვე ახლოს კი ნაგავსაყრელია. ნაგავსაყრელი გარემოს და მოსავალს აბინძურებს და მის რეალიზაციას აფერხებს“ - აღნიშნა ღონიაშვილმა.
„ახალი მემარჯვენეები“ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნაგავსაყრელისთვის სხვა ადგილის გამოყოფას მოითხოვენ.
