საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე იმართებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ქალბატონი მივიდა და ტელევიზიებს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უყვარს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონი იმითაც დაინტერესდა, თუ რატომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო.
„არავითარ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ეს ქალბატონი აქციას ბოლომდე ესწრებოდა და საშუალება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილისთვის შეკითხვაც დაესვა. ქალბატონი არავის არაფერში შეუზღუდავს. უბრალოდ, ყურადღება მიიქცია იმით, რომ პრეზიდენტის სიყვარულს კამერების წინ გამოხატავდა“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე თქმით, მსგავსი ფაქტები ყველა შეხვედრის დროს ხდება.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ონის მოსახლეობას შეხვდა. დღესვე, ამბროლაურში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქციაა დაგეგმილი.
