„ლეიბორისტული პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ეკლესიაში ერთმანეთის შეხვედრებისთვის თავის დანებებას ურჩევს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გასულ უქმეებზე საარჩევნო კომისიაში ძალაუფლება გადაინაწილეს, ლიდერებმა კი, ეს ყველაფერი ტაძარში ხელის ჩამორთმევით აღნიშნეს.
„ნაცმოძრაობამ“ და „ოცნებამ“ განვლილი შაბათ-კვირა გამოიყენეს საარჩევნო კომისიებში ძალაუფლების გადასანაწილებლად, რის შედეგადაც „ოცნებამ“ სხვა სატელიტ პარტიებთან ერთად, რამდენიმე ათეული კომისიის მდივანი დაითრია. ყველაფერი კი, გუშინ ივანიშვილმა და ბაქრაძემ ცაგერში, ტაძარში ხელის ძმური ჩამორთმევით აღნიშნეს“ - განაცხადა ძაგანიამ და დასძინა, რომ დასახელებული ორი პოლიტიკური ძალა საარჩევნო ხმებსაც ასევე გადაინაწილებს.
ძაგანიას თქმით, „ლეიბორისტებს“ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებთან თხოვნა აქვთ - „ერთი თხოვნა გვექნება, ბინძური გარიგებისა და შეხვედრებისთვის ეკლესიას მაინც დაანებონ თავი“ - აღნიშნა ძაგანიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთს ხელი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში ჩამოართვეს, სადაც ისინი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ.
