www.data.electionportal.ge-ზე ცესკო-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია განთავსდება
www.data.electionportal.ge-ზე ცესკო-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია განთავსდება
13:22 27.08.2012
„არჩევნების მონაცემთა ბაზაზე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოქვეყნდება.

ახალი ვებ-პორტალის www.data.electionportal.ge -ს პრეზენტაცია დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, ვებ-გვერდს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერააა დამუშავებული.

მისი თქმით, ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების მონაცემთა ნახვა.

„არჩევნების შედეგებთან ერთად, გვერდი ამომრჩეველთა სიის ანალიზს ასახავს, რომელიც 2006 წლის სიიდან მოყოლებული 2011 წლის მაისის სიას მოიცავს. მონაცემთა ბაზა პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში დაეხმარება“ - განაცხადა ლუის ნავარომ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ვებ-გვერდი საარჩევნო ტენდენციების გარკვევაში მკვლევარებსაც დაეხმარება.

მათივე თქმით, მონაცემთა ნახვა სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე ინტერაქციული მეთოდი კი, რუკის გამოყენებაა.

ვებ-გვერდი ინფორმაციის გადმოწერისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. მონაცემების გადმოტვირთვა შესაძლებელია ასევე, რუკის ფორმატშიც.

არჩევნების პორტალის პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მონაცემთა ბაზის შექმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

www.data.electionportal.ge-ს არჩევნების ვებ-პორტალის www.electionportal.ge-ს ნაწილია, რომლის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანზიაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველომ“ რამდენიმე კვირის წინ გამართა.

ბეჭდვა