დავით უსუფაშვილი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა
დავით უსუფაშვილი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა
17:59 26.08.2012
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ვაშლიჯვრის და სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ვაშლიჯვარში შეხვედრა ეკლესიასთან მდებარე სკვერში გაიმართა. მოსახლეობამ შეხვედრაზე ტრანსპორტის, შიდა გზების, ელექტროენერგიის პრობლემებზე ისაუბრა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის პრობლემები, რომელიც მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს, მარტივი მოსაგვარებელია. მისი თქმით, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების პრობლემა იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმართველობის
ორგანოებში ღირსეული წარმომადგენლები ეყოლებათ.

უსუფაშვილმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების" პრიორიტეტები გააცნო და მათ 1 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა სთხოვა.

მეორე შეხვედრა სოფელ დიღომში გაიმართა, სადაც უსუფაშვილი სოფლის მაცხოვრებლებს სახელმწიფო პრიორიტეტებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი თითეული ოჯახის კეთილდღეობა უნდა იყოს.

ბეჭდვა