შემთხვევისთვის ტერორისტულ აქტის კვალიფიკაციის მინიჭება გამარტივდა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში"
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება ტერორისტულ აქტად იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იქმნება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესის ხელყოფა ხდება .
პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ტერორისტულ აქტად შეფასებისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის დადასტურება აუცილებელი აღარ იქნება.
კერძოდ, ტერორისტული აქტად შეფასდება ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის. ეს ქმედებები კი - ჩადენილი უნდა იყოს მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით.
