სააკაშვილის თქმით, ძალაუფლება არ უნდა დაბრუნდეს მათ ხელში, ვინც საქართველო გაჩანაგებმდე მიიყვანა
სააკაშვილის თქმით, ძალაუფლება არ უნდა დაბრუნდეს მათ ხელში, ვინც საქართველო გაჩანაგებმდე მიიყვანა
10:51 26.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის უმთავრეს მიღწევად უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას კორუფციის არარსებობას მიიჩნევს.

როგორც მან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჩრდილოელმა მეზობელმა განათლების რეფორმისა და გამოცდების სისტემის გადაღება ბევრჯერ სცადა, თუმცა, არაფერი გამოუვიდა.

მისივე თქმით, ზოგიერთები არაფრად მიიჩნევენ იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია და ქუჩებში კრიმინალი აღარ არის. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც თავად იყო აბიტურიენტი, სასწავლებლად უკრაინაში წავიდა, რადგან საქართველოში უსამართლობის გამო ვერ ჩააბარა.

„როდესაც პრეზიდენტი ვხდებოდი, იმ პერიოდში თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება 15 ათასი დოლარი ღირდა. ეს იმ ხალხის დროს ხდებოდა, რომელიც ახლა უკან მოიწევს მთავრობაში. სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა 12 ათასი დოლარი ღირდა. ხალხს, რომელიც ამას აკეთებდა სახელებიც აქვთ და გვარებიც. თითეული მათგანი მივა არჩევნებზე. მთავარია, საზოგადოება მიხვდეს, რომ საქართველოში მათი დრო აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს“- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ არავის უნდა მისცენ უფლება წარმატებისკენ მიმავალი გზა გადაუკეტონ.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალაუფლება აღარ დაბრუნდეს მათ ხელში, ვინც 15-25 ათასებს იღებდა ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობაზე, ვინც საქართველო გაჩანაგებამდე მიიყვანა - ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება გადმოგცეთ თქვენ, მათ, ვინც ნამდვილად აღარასდროს დათმობს თავისუფლებას“- აღნიშნა სააკაშვილმა.

ბეჭდვა