საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესში ჩარიცხულ სტუდენტებს წარმატება პირადად მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილი იმ 150 რჩეულ ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს.
ქვეყნის პირველმა პირმა მათთან განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის უმთავრესი მიღწევაა ის, რომ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება სამართლიან გარემოში, კორუფციის გარეშე შეუძლიათ.
„განათლების ეს რეფორმა - უნივერსტიტეტში ჩაბარება კორუფციის გარეშე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომლითაც მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ვამაყობთ და ვიწონებთ თავს. ახლა მთავარია, რომ საქართველო ვერასოდეს ვერავინ ვეღარ მიაბრუნოს წარსულში. ამას ვერავინ ვეღარ შეძლებს!“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა მათთან განათლების რეფორმაზეც ისაუბრა და იმ პროექტებსაც შეეხო, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება მომავალში გეგმავს.
როგორც მან განაცხადა, წელს ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა აირჩია ტექნიკური სპეციალობები, მათ შორის, სამხედრო ავიაციისა და სამხედრო-საიჟინრო ავიაციის დარგები, რაც მისივე თქმით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს ქვეყნის განვითარების საქმეში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
