საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, 2012 წლის ეროვნულმა გამოცდებმა წარმატებულად ჩაირა.
როგორც მან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, არსებობდა გარკვეული შიში, რომ ეროვნული გამოცდები ჩაიშლებოდა. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, პროცესი მაინც შეფერხებების გარეშე ჩატარდა.
„თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ გამოცდებზე ზოგიერთებს გარკვეული შიში ჰქონდათ. ეროვნული გამოცდების წინ აღმოჩნდა, რომ თანამდებობა დატოვა არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიის უფროსმა, არამედ ძალიან ბევრმა ადამიანმა. ყველას ეგონა, რომ გამოცდები ჩაიშლებოდა, მაგრამ შეცდნენ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან თანამშრომელთა წასვლით არაფერი დაშავებულა, რადგან სხვა შემადგენლობის პოვნა რთული არ იყო.
„ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სისტემა ჩემი შექმნილია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ბევრს დაუტოვებია და ახლები გვიპოვია, არაფერი დაშავებულა. თანაც მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი პრეზიდენტის პოვნაც და მითუმეტეს, არ გაგვიჭირდება უკეთესი საგამოცდო კომისიის შემადგენლობის პოვნა“- აღნიშნა სააკაშვილმა.
