გამოკითხულთა 51%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
გამოკითხულთა 51%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
16:29 25.08.2012
ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“ მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა  სწორი მიმართულებით ვითარდება.

რესპოდენტთა 31%-ს აღნიშნულ საკითხზე საწინააღმდეგო აზრი აქვს.

ამასთან, გამოკითხულების 38% მომდევნო 1 წლის განმავლობაში საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის, ხოლო 16%-ს ამის იმედი არ აქვს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რესპოდენტების 73% პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას დადებით შეფასებას აძლევს, გამოკითხულთა 72%-ს კი ახალი პრემიერ-მინისტრის საქმიანობა მოსწონს.

რესპოდენტების 51% პრეზიდენტისადმი კეთილგანწყობილია, 28% კი - პირიქით.

რაც შეეხება მმართველი პარტიის მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კეთილგანწყობა გამოკითხულთა 44%-მა დააფიქსირა.

„გრინბერგ ქვინლენ როსნერი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გარკვევასაც შეეცადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მიმართ არაკეთილგანწყობილი გამოკითხულთა 39%-ია, 32% -ს კი კოალიციის ლიდერის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.

კვლევის თანახმად, რესპოდენტების 56%-ს სააკაშვილის მიერ აღებული კურსის გაგრძელება სურს, ხოლო 33% ამის წინააღმდეგია.

კვლევა „გრინბერგ ქვინლენ როსნერმა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით აგვისტოს დასაწყისში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა