მიხეილ სააკაშვილი - 1 ოქტომბერი ყველა კორუმპირებული და კრიმინარული ელემენტის უკანასკნელი გაფართხალებაა
მიხეილ სააკაშვილი - 1 ოქტომბერი ყველა კორუმპირებული და კრიმინარული ელემენტის უკანასკნელი გაფართხალებაა
10:40 25.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭიათურასა და ხონს ესტუმრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონებში მასთან შესახვედრად ყოველთვის  ბევრი ხალხი გამოდის, თუმცა ეს მითქმა-მოთქმის საბაბი ხდება.

„ისინი, ვინც შეჩვეულია ყველაფრის ყიდვას, ამბობენ - მართალია, სვანეთში მიშას ბევრი ხალხი დახვდა, მაგრამ სვანები არ იყვნენო. აჭარაში თურმე თბილისიდან ჩამიყვანია 20 ათასი კაცი. სამტრედიაზე თქვეს, ეს წალენჯიხიდან და ჩოროწყუდან ჩამოყვანილი ხალხიაო და ხონში, ალბათ, ინგლისელები და ამერიკელები მყავს შეკრებილი, სპეციალურად ჩამოყვანილი თვითმფრინავით“-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ ცრუ ბრალდებების გაბათილება 1 ოქტომბერი იქნება, როდესაც არჩევნებზე საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი მივა.

„მაშინ აღმოჩნდება, რომ საქართველო არ გადასულა ჭკუიდან და ბრძენი ერია, გამტანი, გამოცდილი, გამბედავი, ყოველთვის წინდახედული და მომავალზე ორიენტირებული“-აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემისა და გაჭირვებისა, ყველა მოქალაქემ საკუთარ თავს უნდა კითხოს- არის თუ არა საქართველო დღეს უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინათ იყო.

„ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ და ორგანიზებულად ვიმოქმედოთ - 1 ოქტომბერი ყველა ამ კორუმპირებული, კრიმინალური ელემენტის და ჩვენი დამპყრობლის ბოლო მცდელობა, უკანასკნელი გაფართხალებაა“- განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა