„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეუთოს დამკვირვებლებს კოალიციის აქტივისტებზე ზეწოლის ამსახველი მასალა გადასცეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეუთოს დამკვირვებლებს კოალიციის აქტივისტებზე ზეწოლის ამსახველი მასალა გადასცეს
19:56 24.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კოალიციის ხელმძღვანელების  დაჯარიმებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში ერთი საათი გაგრძელდა, კოალიციის მხრიდან ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე და დავით ზალკანიანი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრეს წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

ალასანიას თქმით, ყურადღება გამახვილდა კოალიციის ლიდერების დაჯარიმებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებზე.

„ჩვენ ძალიან მოგვწონს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ადრეული მონიტორინგი დაიწყო. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონებსა და დედაქალაქში შექმნილ ვითარებებზე, ვისაუბრეთ დაჯარიმებებზე და იმ ფინანსურ ზეწოლაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტი ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს. ვისაუბრეთ, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ჩვენს თანამებრძოლებზე“-განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გადასცეს კოალიციის წევრების მიმართ განხორციელებული დევნის კონკრეტული ფაქტების ამსახველი მასალა.

ეუთოს დამკვირვებლები დაპირდნენ კოალიციის წევრებს, რომ ყურადღებით შეისწავლიან მიღებულ მასალას და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ბეჭდვა