"საქართველოს არცერთი მოქალაქე არასდროს შეეგუება ოკუპაციას, ხელოვნური მავთულხლართები აუცილებლად ჩამოიშლება და ოკუპაციაც აუცილებლად დასრულდება",- ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და შექმნილი მდგომარეობიდან მომავალი საფრთხეების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ბერაიას შეფასებით, საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებები, განსაკუთრებით - ჩორჩანაში, ატოცსა და გუგუტიანთკარში, საფრთხის შემცველია ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და მიმართულია მოსახლეობის იზოლაციისა და საზოგადოების დაშორიშორებისკენ. დეპუტატი საოკუპაციო ძალის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დაკავებასაც გამოეხმაურა.
"შემაშფოთებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავება. ეს ემსახურება ადგილზე არა მხოლოდ მშვიდობის და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების დაზიანებას, არამედ პირდაპირ მიმართულია იმ ერთადერთი საერთაშორისო, ქმედითი მონიტორინგის მექანიზმების დაზიანებისკენ, რომელიც მუდმივად აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ. დაუშვებელია ამ მისიის საქმიანობისთვის ობსტრუქციის შექმნა",- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, უმკაცრესი საერთაშორისო შეფასება უნდა მიეცეს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადასასვლელების ჩაკეტვის ფაქტს, რის გამოც, მოქალაქეებისთვის სათანადო მკურნალობის გაწევა ვერ მოხერხდა და რასაც, შედეგად, გარდაცვალება მოჰყვა.
"აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა, ჩვენ ვმოქმედებთ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რაც პირველ ყოვლისა, გულისხმობს მშვიდობას, დეესკალაციას და უსაფრთხოებას. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩვენი სამართალდამცავების საქმიანობაც სწორედ აქეთ არის მიმართული. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომელიც ემსახურება ვითარების დეესკალაციას და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას",- განაცხადა პარლამენტის წევრმა.
