კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მხარი დაუჭირეს
  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მხარი დაუჭირეს
18:13 28.10.2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.



საკითხზე ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო და განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში ხელმოწერილი "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება" საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის განმსაზღვრელ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს. ეს შეთანხმება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობაში ანაცვლებს 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილ "ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას" ("საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება") ანაცვლებს.



როგორც სხდომაზე აღინიშნა, წინამდებარე შეთანხმება, ძირითადად, იმეორებს საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების დებულებებს და აგრეთვე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტებსაც, თუმცა მორგებულია ორმხრივი თანამშრომლობის სპეციფიკას და შერბილებულია, ან რიგ შემთხვევებში, სრულად ამოღებულია საქართველოს მიერ განსახორციელებელი ვალდებულებები, რათა შეთანხმების დებულებები ორმხრივ, სუვერენულ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ჰორიზონტალურ ფორმატს მოერგოს.

შეთანხმება ამოქმედების შემთხვევაში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით გახსნის: საერთო ფასეულობების განმტკიცება და დაცვა; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ და სხვა სფეროებში შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის მიზნით სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ფორუმი შეიქმნება.



როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამასთან, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მნიშვნელობას. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ წინამდებარე შეთანხმების სიკეთეები განავრცონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით.















ბეჭდვა