კუბლაშვილმა ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაციას განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო
კუბლაშვილმა ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაციას განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო
18:11 24.08.2012
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაციას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო.

ამის შესახებ კუბლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„მათ განსაკუთრებით აინტერესებთ საკანონდმებლო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკავშირდებოდა“ – განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში განხორციელდა, ეუთოს და ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

„ეს საბოლოოდ განაპირობებს სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს. მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის წევრებთანაც გამართავს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირებლო მისია გუშინ დააფუძნა.

მისია, რომელსაც ნიკოლაი ვულჩანოვი უხელმძღვანელებს, თბილისში 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება.

გარდა ამისა, ODIHR დამატებით გამოითხოვს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს.

დაკვირვების პროცესში მისიის წევრები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიას.

ეუთოს მისია არჩევნების წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ განცხადებას 2 ოქტომბერს გააკეთებს.

ბეჭდვა