მამუკა კაციტაძემ ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში ასახვის პროცესის შუალედური ანგარიში წარადგინა
მამუკა კაციტაძემ ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში ასახვის პროცესის შუალედური ანგარიში წარადგინა
17:54 24.08.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს, ბრიფინგზე მეთოდით -„ამომრჩევლიდან სიამდე“ კომისიაში შესული მასალის ერთიან ბაზაში ასახვის პროცესის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

კაციტაძის განცხადებით, კომისიაში დღემდე დასაზუსტებლად შევიდა 56 369 განცხადება, აქედან 19 448 დამუშავდა, რაც, მისი თქმით, მთლიანი რაოდენობის 35%-ია.

კომისიის თავმჯდომარემ განმარტა ახალი სერვისის დეტალები, რასაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს ხვალიდან შესთავაზებს. კერძოდ, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება 78 714 ადამიანის სია, რომლებმაც საკუთარი პირადი ნომერი და გვარი უნდა შეიყვანონ სპეციალურ ველში და ეს ინფორმაცია გაგზავნონ. ამ მოქმედებით მოქალაქე დაადასტურებს, რომ ის აქტიური, მოქმედი ამომრჩეველია.

კომისიის თავმჯდომარე, ასევე შეეხო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაწყებული კედლის სიების ბეჭდვის პროცესს და განაცხადა, რომ კომისის წევრები კანონით მინიჭებული უფლების თანახმად, აკვირდებიან და მონიტორინგს უწევენ ბეჭდვის პროცესს. აღნიშნული სადამკვირვებლო მისიით კომისია სამაგიდე სიების ბეჭდვის, მათი გადაგზავნისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფადაც ისარგებლებს.

ბეჭდვა