საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ 13 სექტემბერს ქართველ
გულშემატკივართან გამოსამშვიდობებლად სტადიონის გამოყოფაზე უარი უთხრა.
როგორც ჟურნალისტებთნ საუბრისას კახა კალაძემ აღნიშნა, ქართველი გულშემატკივრის მხრიდან იყო სურვილი მისი სპორტიდან წასვლასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი საღამო გამართულიყო, რასაც ის 13 სექტემბერს გეგმავდა.
„თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილით მივმართე იმის შესახებ, რომ მზად ვიყავი კლუბი „მილანი“ თბილისში ჩამომეყვანა და 13 სექტემბერს ქართველ ფეხბურთელებთან მეგობრული შეხვედრა გაგვემართა, რაზეც იტალიური კლუბისგან თანხმობა მქონდა, თუმცა, „დინამოს“ ხელმძღვანელობამ უარი მითხრა“ - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, გამოსამშვიდობებელი საღამოს გამართვაზე უარის მიზეზად „დინამოს“ ხელმძღვანელობამ სტადიონების დაკავებულობა დაასახელა და განმარტა, რომ სექტემბრის განმავლობაში ყველა სტადიონზე ეროვნული ნაკრებისა და კლუბების მატჩებია დანიშნული.
კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან მისი ინფორმაციით, 13 და 14 სეტქემბერს თბილისში ყველა სტადიონი თავისუფალია.
კალაძემ გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვა, გამოსამშვიდობებელი საღამო მაინც შედგება.
