კახა კალაძე გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტს რაიონის მთავარ ექიმობას ჰპირდება
კახა კალაძე გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტს რაიონის მთავარ ექიმობას ჰპირდება
15:48 24.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კალაძე პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების  შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მერაბ ჯანელიძეს რაიონში მთავარ ექიმად დააბრუნებს.

როგორც კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძეს პირადად არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ ის ღირსეული ადამიანი და კარგი ექიმია.

„ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირობას ვდებ, რომ თუ მერაბ ჯანელიძეს სურვილი ექნება მას სამტრედიის რაიონის მთავარ ექიმად დავაბრუნებ, საიდანაც რამდენიმე წლის წინ, „ნაციონალებმა“ გააგდეს და იძულებული გახდა თავისი საქმიანობა თბილისში გაეგრძელებინა“ - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

რაც შეეხება იმას, მიიჩნევს თუ არა კალაძე ჯანელიძეს ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტად, ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის სამტრედიაში ხალხის განწყობა და სწორედ ამიტომ, მისივე განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თვის მოჭიდავეებთნ და ზონდერებთან ერთად, მოსახლეობას სახლებში უვარდება და შანტაჟით ცდილობს აიძულოს ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს ხმა.

ბეჭდვა