„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ - მიტოვებულ და დანგრეულ შენობებში დარეგისტრირებულია ათობით ამომრჩეველი
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ - მიტოვებულ და დანგრეულ შენობებში დარეგისტრირებულია ათობით ამომრჩეველი
15:31 24.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ტერი ბენჰემმა განაცხადა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. მისი თქმით, ცესკომ ამომრჩეველთა სია მხოლოდ სამი დღის წინ გამოაქვეყნა, მაშინ როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

ბენჰემის თქმით, ამომრჩეველთა ერთიანი სია მისი მასშტაბიდან გამომდინარე გამოკვლევას აძნელებდა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ აღნიშნული სიის გამოკვლევა დაიწყო, მასში არასწორი სარეგისტრაციო მონაცემები აღმოაჩინა.

„ჩვენ ძირითადად იმის გამო ვართ შეშფოთებული, რომ ის არასწორი მონაცემები, რომლებიც სიაში აღმოვაჩინეთ, იმ ახალ სიაშიც გადავიდა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა. ეს არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ, სხვა ორგანიზაციებისთვისაც შემაშფოთებელია“-განაცხადა ბენჰემმა.

პრესკონფერენციაზე ბენჰემმა და „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა ჟურნალისტებს რამდენიმე პოსტერი წარუდგინეს, რომლებზეც მიტოვებული და დანგრეული შენობები იყო ნაჩვენები. მათი განმარტებით, ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ მისამართებზე, სიის მიხედვით დარეგისტრირებულია 46, 42 და 8 ამომრჩეველი.

„ამომრჩეველთა რეგისტრაციის გაყალბება სერიოზული საკითხი და კანონდარღვევაა, საარჩევნო სიის გვაინ გამოქვეყნება კი, აძნელებს სიის დაზუსტების და გადამოწმების პროცესს. ეს კი, სერიოზული საკითხია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ სიმართლის დასაზუსტებლად“-განაცხადა ბენჰემმა.

ბეჭდვა